Skip to content

საკუთარი აივ სტატუსის სხვისთვის გამხელა

აივ ინფექცია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ უიშვიათეს დაავადებას, რომელსაც აივ-დადებითი პირები გამუდმებით, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე მალავენ მეგობრებისგან, ოჯახისგან, თანამშრომლებისგან … მალვის მიზეზი კი საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპებია, რომლებიც აივ-დადებით ადამიანებს აიძულებენ, არ გათქვან თავიანთი სტატუსი და არ ისაუბრონ ამაზე საჯაროდ, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში ვიქცევით. 

 

 თუ  ახლახანს დაგისვეს  დიაგნოზი,  შესაძლოა ამ  ამბის  ბევრი  ადამიანისთვის  გაზიარება არც  თუ  ისე  კარგი  გადაწყვეტილება  იყოს  მანამდე, სანამ თვითონ არ იგრძნობ თავს კომფორტულად აივ-დადებითის  სტატუსით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეგობარს ან ისეთ ადამიანს არ  გაუზიარო, ვისაც ენდობი და მისგან მხარდაჭერას ელი. თუ შენს გარშემო  არსებობენ ადამიანები, ვისაც ენდობი და თვლი, რომ მათთვის გაზიარება  უსაფრთხო იქნება, რატომაც არა?!

ემოციებისა და განცდების გაზიარება ძალიან დაგეხმარება მხარდაჭერის  მოპოვებაში. ეს უნდა მოხდეს სწორ დროსა და ადგილას, გააზრებულად და  არა ძალდატანებით ან შოკურ მდგომარეობაში ყოფნისას.

 

საკუთარი სტატუსის გამხელა ოჯახის  წევრებისა და მეგობრებისთვის

 

საკუთარი  აივ-დადებითი სტატუსის  ოჯახისა  და  მეგობრებისთვის  გამხელა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ურთიერთობა გაქვს  მათთან. თუ მათთან ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ განიხილავდი პირადი  ცხოვრების დეტალებს,  დაფიქრდი, ღირს კი ამ ამბის გამხელა?

როგორც  წესი,  პირველი  რეაქცია ადამიანების  ცნობიერებასა  და  ინფორმაციის რაოდენობას ემყარება. თუ შენს სამეგობროსა და ოჯახში  დაავადების და მისი გადაცემის შესახებ სტერეოტიპული და მოძველებული  წარმოდგენები არ აქვთ, მაშინ მათთვის ამ ამბის გაზიარება შესაძლოა  უსაფრთხო  იყოს.  ოჯახი  და  სამეგობრო  სწორედ ის  სივრცეა,  სადაც  პრობლემებს უნდა აზიარებდე და მხარდაჭერას ელოდე.

 პირველმა რეაქციამ არ უნდა გაგაბრაზოს. გახსოვდეს, რომ ადამიანების  უმეტესობამ  ბევრი  არაფერი  იცის  ამ  დაავადების შესახებ  და  მათი  წარმოდგენები  და  ფიქრები  ძველ  ინფორმაციას  ემყარება, როცა  აივ-  ინფექცია ჰომოსექსუალებისა  და  ნარკოტიკების მომხმარებელთა  დაავადებად ითვლებოდა. გაუზიარე მათ თუნდაც ეს ბუკლეტი, ესაუბრე მეტი ვირუსის და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეახვედრე  შენს მკურნალ ექიმს. ცოდნა არის გზა, რომელიც შენდამი მხარდაჭერის  ხარისხს გაზრდის.

 

საკუთარი სტატუსის გამხელა  ახალი  პარტნიორისთვის

ყველა  იმსახურებს იყოს  ბედნიერი.  აივ-დადებითი  ადამიანები იმსახურებენ ჰყავდეთ ოჯახები, საყვარელი ადამიანი, ჰქონდეთ აქტიური  სქესობრივი ურთიერთობები და მიიღონ სიამოვნება ცხოვრებისგან.

ურთიერთობის საწყის ეტაპზე შეიძლება შიშობდე და გაშფოთებდეს  საკუთარი აივ-დადებითი  სტატუსის  გამხელა ახალი  პარტნიორისთვის,  ფიქრობდე როგორ  მიიღებს  ის  ამ  ამბავს. როგორც  წესი,  ამ  დროს  პარტნიორები გადაცემის რისკებზე ღელავენ. გაუზიარე მათ რაც შეიძლება  მეტი  ინფორმაცია პრევენციული  საშუალებების  შესახებ. ესაუბრე  არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვაზე, კონდომებზე და პრეპზე. მიეცით  პარტნიორს დრო გაიაზროს ეს ამბავი.