Skip to content

როგორ მუშაობს აივ ინფექციის ტესტი?

როგორ მუშაობს აივის ტესტი

 OraQuick აივ-ის ტესტი მიეკუთვნება ტესტების იმ კატეგორიას, რომელიც ადამიანს სახლიდან გაუსვლელად, სპეციალისტის დახმარების  გარეშე, აძლევს შესაძლებლობას გაიგოს თავისი აივ სტატუსი რამდენიმე წუთში. 

ტესტირების პაკეტში შედის: ტესტირების ფანჯრის მქონე ბრტყელი საფენი, ბუფერიანი სინჯარა, სინჯარის სადგამი, ინსტრუქცია ქართულ ენაზე, ქაღალდის კონვერტი ტესტის ნაგავში გადასაგდებად.

ტესტი ნერწყვის მეშვეობით კეთდება და ორგანიზმში აივ ინფექციის ტიპი 1 და ტიპი 2 ანტისხეულების არსებობას ადგენს. ამისთვის საჭიროა ტესტირების ფანჯრის მქონე თეთრ ბრტყელ საფენზე პირის ღრუდან (კერძოდ ღრძილებიდან) მოახვედროთ ნერწყვი, ჩადოთ სპეციალურ ბუფერიან სინჯარაში და დაელოდოთ 20-40 წუთის განმავლობაში.

ტესტის საეჭვო დადებითი პასუხი (2 ხაზი) აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი აივ-დადებითია. საეჭვო დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ ახლომდებარე კლინიკურ დაწესებულებას და ჩაიტაროთ ე.წ. კონფირმაციული ტესტი.

ტესტის უარყოფითი პასუხი (1 ხაზი) ასევე არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ადამიანი აივ-უარყოფითია იმ შემთხვევაში, თუ სარისკო ქცევიდან  3 თვე არ არის გასული და იგი ჯერ კიდევ იმყოფება ე.წ. ფანჯრის პერიოდში.

როგორ მივხვდეთ, რომ სწორად გავიკეთეთ ტესტი?

ყველა ტესტს თან ახლავს ქართულენოვანი, დასურათებული ინსტრუქცია, რომელსაც ტესტირების ჩატარებამდე ყურადღებით უნდა გავეცნოთ. დარწმუნდით, რომ ეტაპობრივად მიჰყვებით ინსტრუქციას. იმ შემთხვევაში თუ, ტესტის პასუხების ფანჯარაზე არ ჩანს კონტროლის ხაზი, მაშინ ტესტი ან არ მუშაობს, ან არასწორად იქნა ჩატარებული. 

რამდენად ზუსტია OraQuick აივ-ის ტესტი?

დადასტურებულია, რომ ჩვენი ტესტი ძალზედ სენსიტიურია აივ ინფექციის დიაგნოსტირებაში. კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენი ტესტი გამოსადეგი და ზუსტია, სწორად შესრულების შემთხვევაში. მას აქვს დადასტურებული კლინიკური მგრძნობელობა (თუ ადამიანი აივ-დადებითია, რამდენად ხშირად აჩვენებს ტესტი დადებითს) 99.7%-ით და დადასტურებული კლინიკური სპეციფიკურობა (თუ ადამიანი აივ-უარყოფითია, რამდენად ხშირად აჩვენებს ტესტი უარყოფითს) 99.9%-ით. თუ თქვენ არ ხართ თქვენს შედეგში დარწმუნებული, უნდა მიაკითხოთ სამედიცინო სპეციალისტს, რათა ჩაიტაროთ დამატებითი ლაბორატორიული  გამოკვლევა.