Skip to content

ვირუსული ჰეპატიტები (B,C)

ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას. მისი გამოწვევა შეუძლია სხვადასხვა ვირუსს, ბაქტერიას, ზოგიერთ მედიკამენტს, ტოქსინს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას და სხვ. თუმცა ჰეპატიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს A, B და C ჰეპატიტის ვირუსები წარმოადგენს.

როგორ გადაეცემა C ჰეპატიტის ვირუსი?

C ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ამ ვირუსით ინფიცირებული სისხლის და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით. ეს შეიძლება მოხდეს:

• დაბინძურებული ნემსის ან შპრიცის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით;

• ინფიცირებული დედიდან ბავშვზე; 

• სქესობრივი გზით.

დედიდან ბავშვზე C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის რისკი დაბალია და არ აღემატება 5%-ს. ასევე დაბალია სქესობრივი გზით გადაცემის რისკიც (საშუალოდ 2%). გარდა ამისა, C ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს საერთო საპარსის, ფრჩხილის მაკრატლის ან კბილის ჯაგრისის გამოყენებითაც.

რა სიმპტომები აქვს C ჰეპატიტს?

C ჰეპატიტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ზოგჯერ C ჰეპატიტს ახასიათებს საერთო სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, სახსრების ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა.

როგორ ხდება C ჰეპატიტის მკურნალობა?

სადღეისოდ საქართველოში მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და მკურნალობის შესარჩევად. ამის შემდეგ პაციენტს უტარდება მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური მედიკამენტებით, რომლებიც პაციენტებისთვის სრულიად უფასოა. განკურნების მაჩვენებელი აღემატება 95%-ს.

როგორ ტარდება C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?

ვირუსის გამოვლენის ერთადერთი გზაა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. C ჰეპატიტის გამოსავლენად თავდაპირველად ტარდება ე.წ. სკრინინგული ტესტი, რომელიც ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია უფასოდ. სკრინინგით დადებით ადამიანს შემდგომში უტარდება C ჰეპატიტის რაოდენობრივი ანალიზი, რომლითაც უკვე დგინდება, ამჟამად ინფიცირებულია პაციენტი თუ დაავადება თვითგანკურნებით არის დასრულებული. ვირუსის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ თვითგანკურნება დაახლოებით 20-25%-ში შეიძლება მოხდეს და ეს ადამიანები არ საჭიროებენ მკურნალობას. თუმცა პირველადი ტესტი მათ მთელი ცხოვრება დადებითი ექნებათ.

B ჰეპატიტი

გამომწევი ვირუსი

ინფექციური  დაავადებაა, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი.

გადაცემის გზები
ვირუსი ორგანიზმში  ხვდება დაზიანებული  კანის და/ან ლორწოვანი გარსის საშუალებით  ინფიცირებულის სისხლთან  ან ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით, კერძოდ:  სქესობრივი კონტაქტით,  საინექციო ნარკოტიკების მიღებისას  საზიარო შპრიცით,  ნემსით ან სხვა აქსესუარით სარგებლობისას, ინფიცირებული დედისგან (მშობიარობისას), ინფიცირებულის სისხლთან  ან ღია ჭრილობასთან კონტაქტით.
არ ვრცელდება  საკვებით  ან წყლით, საზიარო ჭურჭლის გამოყენებით, ძუძუთი კვებით,  ჩახუტებით, კოცნით,  ხელის ჩამორთმევით, და ა.შ. ვირუსი გარემოში ცოცხლობს 7 დღე და ინარჩუნებს ინფიცირების უნარს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 90 დღეა (შესაძლებელია 60-150 დღე).

სიმპტომები

ცხელება,  სისუსტე,  მადის დაქვეითება, გულისრევა,  ღებინება, მუცლის ტკივილი,  მუქი ფერის შარდი, თიხისფერი  განავალი, სახსრების ტკივილი,  სიყვითლე (მოზრდილებში), 5 წლამდე ბავშვებში, დაქვეითებული იმუნიტეტის  მქონე უფროსებში და ქრონიკულ პაციენტებში დაავადება ძირითადად  უსიმპტომოდ მიმდინარეობს ჩვილების  90%  და ბავშვების  (1-5  წელი) 25-50% უვითარდება  ქრონიკული დაავადება, დაავადება  უფრო მძიმედ მიმდინარეობს 60 წლის და უფროს პაციენტებში

ჰეპატიტის პრევენცია და პრევენციის სხვა მეთოდები

B ჰეპატიტის პრევენციის რამდენიმე გზა არსებობს:

  1. დაცული სქესობრივი კავშირი კონდომით;
  2. ნემსებისა და შპრიცების არასაზიაროდ გამოყენება;
  3. პირადი მოხმარების ბასრი ჰიგიენური ნივთების არასაზიაროდ გამოყენება;
  4. ვაქცინაცია - ვაქცინა 95%-ით ეფექტურია B ჰეპატიტის პრევენციისთვის. ვაქცინის გაკეთება სრულიად უფასოა იმ ადამიანებისთვის, ვინც PrEP მედიკამენტს იღებს ან ჩართულია არვ მკურნალობაში.

გაიგე მეტი PrEP პროგრამის შესახებ. / გაიგე მეტი არვ მკურნალობის შესახებ