სად მივიღო არვ მკურნალობა?
რაც უფრო მალე დაიწყებ მკურნალობას, მით უფრო მალე მიიღებ მისგან სარგებელს. საქართველოში არვ მკურნალობა შესაძლებელია დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს, CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მალე იწყება არვ მკურნალობა, მით უფრო ნაკლები შანსია, შიდსთან ასოცირებული გართულებები განვითარდეს. ამასთან, არვ მკურნალობის დაწყების დრო ნაწილობრივ გვერდითი ეფექტების მართვის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს. კვლევით დადასტურდა, რომ იმ პირებში, ვინც არვ მკურნალობას ადრეულ სტადიაზე იწყებს, მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების განვითარების ნაკლები შანსია. მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს; ის ადამიანები, ვინც ადრეულ ეტაპზე იწყებს მკურნალობას, ბევრად მალე იძენენ არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვებისთვის აივი არ არის გადამდები და, ასევე, ვირუსი აღარ არის საზიანო ინფიცირებულის ჯანმრთელობისთვის. დაიწყე მკურნალობა მაშინ, როდესაც ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად იქნები. საქართველოში არვ მკურნალობა და ყველა ლაბორატორიული ტესტირება სრულიად უფასო და ნებაყოფლობითია.
მზადება მკურნალობის დასაწყებად
დღეს აივ-ინფექციის სამკურნალო 20-ზე მეტი მედიკამენტი არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ და შენს მკურნალ ექიმს შესაძლებლობა გაქვთ, შეარჩიოთ თქვენზე მორგებული არვ მკურნალობა, მარტივად მართოთ გვერდითი ეფექტები და, რაც მთავარია, შეინარჩუნოთ არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა.
იყავი გულახდილი ექიმთან, უამბე მას შენი ყოველდღიური რუტინის, მოგზაურობის ისტორიის და გამოტოვებული დოზების შესახებ, რადგან:
• ზოგიერთი მედიკამენტი შეიწოვება საკვებთან ან საკვების გარეშე. თუ თქვენი დღის რუტინა განსხვავებულია, ამან, შესაძლოა, მედიკამენტის შერჩევაზე იქონიოს გავლენა.
• ხშირად გამოტოვებულმა დოზამ შესაძლოა მედიკამენტისადმი რეზისტენტობა ჩამოაყალიბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ იმუშავებს ვირუსის წინააღმდეგ. ეს კი, თავისმხრივ, მკურნალობისას შექმნის დიდ პრობლემას.
სად მივიღო არვ მკურნალობა?
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არვ მკურნალობა უფასოა. მიაკითხეთ თქვენთან ახლო მდებარე შიდსის ცენტრს, რათა დროულად ჩაერთოთ მკურნალობაში.