რა არის არვ მკურნალობა?
იყო აივ პოზიტიური, ნიშნავს იმას, რომ შენს ორგანიზმში არის ვირუსი, სახელად აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი). ამ ვირუსის მტარებლობა კი დღესდღეობით არსებული ეფექტური და უფასო მკურნალობის ფონზე აღარ წარმოადგენს არც განაჩენს და არც ცხოვრების დასასრულს.
რას ნიშნავს არვ მკურნალობა?
საგულისხმოა, რომ დღესდღეობით აივ ინფექციის მკურნალობა არსებობს, მაგრამ მისი სრულად განკურნება ჯერჯერობით ვერ ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექცია არის მართვადი, ქრონიკული დაავადება. არვ (ანტირეტროვირუსული) მკურნალობა აივ ინფექციასთან ბრძოლის მთავარი მეთოდია და მას აივ-დადებითი ადამიანებისთვის სასიცოცხლო ფუნქცია აქვს. დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი სახეობის ანტირეტროვირუსული მედიკამენტი არსებობს. არვ მკურნალობა, როგორც წესი, რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღებას გულისხმობს.
მოლეკულურ დონეზე არვ მკურნალობის მუშაობის მექანიზმი საკმაოდ კომპლექსურია, მაგრამ ძირითადი ფუნქცია რაც მას აკისრია ვირუსის რეპლიკაციის შეჩერება და CD4 ლიმფოციტების დაცვაა.
როგორც წესი, მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ვირუსის რაოდენობა ადამიანის სისხლში მცირდება. მკურნალობის საბოლოო მიზანი ვირუსის არაგანსაზღვრად მაჩვენებლამდე დაყვანაა. შესაბამისად, აივ-დადებითი ადამიანი, რომელიც მკურნალობს, ცხოვრობს ისეთივე ხარისხის სიცოცხლით, როგორითაც აივ-უარყოფითი ადამიანი.
როგორია მკურნალობის მიმდინარეობის კურსი?
მკურნალობის მიზანია, რომ მას შემდეგ რაც აივ დადებითი ადამიანის სისხლში ვირუსის რაოდენობა არაგანსაზღვრადი გახდება, ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს. შესაბამისად, მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა (სისხლის ანალიზით და ექიმთან კონსულტაციით) რამდენიმე თვეში ერთხელ მოწმდება (ძირითადად 4 თვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ).
იქიდან გამომდინარე, რომ არვ მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე მედიკამენტების განუწყვეტელ მიღებას გულისხმობს, პაციენტების ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ასევე, სისხლის საერთო ანალიზით, გლუკოზის განსაზღვრითა და სხვა მეთოდებით ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება.
რა შეუძლია არვ მკურნალობას?
მკურნალობისას შეგიძლია იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. მედიკამენტები არ მისცემს საშუალებას ვირუსს, გამრავლდეს და საფრთხე შეუქმნას შენს ჯანმრთელობას. მედიკამენტები იმუნურ სისტემას უწინდებურ ფორმას და ქმედუნარიანობას უბრუნებს, შესაბამისად შენს იმუნურ სისტემას კვლავაც ექნება ძალა, ებრძოლოს სხვა ინფექციებს.
შეგიძლია იცხოვრო დიდხანს. მკურნალობის ფონზე აივ პოზიტიური ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმდენივეა, რამდენიც აივ ნეგატიური ადამიანის.
შეგიძლია ისევ დაკავდე აქტიური სქესობრივი ცხოვრებით და გქონდეს პირადი ურთიერთობები. არვ მკურნალობის ფონზე, სხვისთვის დაავადების გადაცემა შეუძლებელია. ამიტომ საკუთარმა აივ სტატუსმა არ უნდა დაგაბრკოლოს, გქონდეს აქტიური სქესობრივი ცხოვრება და გყავდეს პარტნიორი.
შეგიძლია იყო ისეთივე აქტიური, როგორც უწინ. ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა, მოითხოვს სპეციალურ კვების რეჟიმს და უამრავ მცირე დეტალს. აივ დიაგნოზის შემდეგ არ იფიქრო, რომ გექნება რაიმე შეზღუდვა და ლიმიტები ყოველდღიურ ყოფაში.
რა სახის სირთულეები შეიძლება ახლდეს აივ ინფექციის მკურნალობას?
იქიდან გამომდინარე, რომ აივ ინფექცია არის ქრონიკულად მართვადი დაავადება, აივ დადებით ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ პრეპარატების მიღება. ამ პროცესს, როგორც წესი, რამდენიმე სირთულე ახლავს. ხშირად, როდესაც აივ დადებითი ადამიანები მკურნალობას იწყებენ, წამლების გვერდითი მოვლენები იმდენად აშინებთ, რომ მკურნალობაზე უარს ამბობენ.
თუმცა, ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, წამლის მიღების დაწყებიდან ორი კვირა ან მაქსიმუმ ერთი თვე გრძელდება. მას შემდეგ რაც ადამიანის სხეული ეჩვევა მედიკამენტს, გვერდითი ეფექტები ქრება. მეორე პრობლემა, რომელსაც აივ დადებითი ადამიანები აწყდებიან, ფსიქოლოგიური შიშია. იმის წარმოდგენა, რომ მთელი ცხოვრება რაღაც წამალი უნდა სვას ადამიანმა, ცოტა შემაშინებელი შეიძლება იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ როდესაც შეძლებს ადამიანი ამ პროცესის რუტინად ქცევას, ეს შიშები უკვალოდ ქრება.
რა ღირს არვ მკურნალობა?
საქართველოში არვ მკურნალობა სრულიად უფასოა და მას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს.