Skip to content

რა არის პრეპი?

რა არის პრეპი?

პრეპი –( პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის მიღებით, პრეპი აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი იყენებს. პრეპ მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA-ს) მიერ.

პრეპ მედიკამენტის მიღების ორი რეჟიმი არსებობს. ესენია : მედიკამენტის მიღება ყოველდღიურად და სიტუაციურად

არის თუ არა პრეპი შენთვის?

პრეპის პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი სქესობრივი ცხოვრება გახადოთ უფრო უსაფრთხო  და აკონტროლოთ თქვენი სექსუალური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
პრეპი განკუთვნილია აივ ნეგატიური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც დგანან აივით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე.

როგორ უნდა მიხვდე რომ მაღალი სარიკსო ქცევა გაქვს?

თქვენ ითვლებით მაღალი სარისკო ქცევის მქონედ თუ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში აკმაყოფილებთ, ერთ-ერთს შემდეგი კრიტერიუმებიდან:

  • აივ დადებითი სტატუსის მქონე მუდმივი პარტნიორის ყოლა, რომელიც არ მკურნალობს ან არ აქვს მიღწეული ვირუსული სუპრესიისათვის;
  • ჩართულია კომერციულ სექს მუშაობაში;
  • აქვს ნარკოტიკების ინექციურად მოხმარების პრაქტიკა;
  • ნარკოტიკებისა ან/და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სარისკო სქესობრივი ქცევის პრაქტიკა;
  • აქვს ან ჰქონია რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;
  • ჰყავს 5 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი;
  • არ გამოუყენებია კონდომი როგორც პასიური, ისე აქტიური სქესობრივი კავშირის დროს;
  • პრევენციისათვის მიუმართავს პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (პეპ) მეთოდისათის;

რისკის შეფასების კითხვარის შესავსებად ეწვიეთ მოცემულ ბმულს

აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები?

უამრავი ადამიანი, რომელიც ამჟამად იღებს პრეპს, ამბობს, რომ მათ შემთხვევაში არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, პრეპსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომელიც შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.

მოკლევადიანი გვერდითი ეფექტები: იმ ადამიანების დაახლოებით 10%-ში, ვინც პრეპს იღებს, თავს იჩენს დიარეა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ა.შ თუმცა, როგორც წესი ისინი მაქსიმუმ 2-3 კვირაში ქრება.

გრძელვადიანი გვერდითი ეფექტები: ძალიან ცოტა ადამიანების რაოდენობაში, ვინც პრეპს იღებს, შესაძლოა გამოვლინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციებში.

პრეპის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას და საჭირო ანალიზების გაკეთებას აღნიშნული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.

თუ პრეპს ვიღებ, კონდომი მაინც უნდა გამოვიყენო?

პრეპი უზრუნველყოფს აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირებისგან მაქსიმალურ დაცვას, თუმცა იგი არ იცავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან (მაგ: სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ჰეპატიტები), შესაბამისად, კონდომის გამოყენება კვლავ რეკომენდებულია.

როგორ ჩაერთო პროგრამაში?

პროგრამაში ჩასართავად, უნდა მობრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ პრეპ პროგრამისთვის განკუთვნილ ანალიზებს (ტესტირება B ჰეპატიტზე, ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV) ტესტირებას სიფილისზე სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი)სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად. რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.

რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?

პრეპის პროგრამის ფარგლებში ექიმთან რეგულარული კონსულტაციები, ანალიზები და პრეპი სრულიად უფასოა.

პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?

დიახ, პროგრამა სრულაიდ კონფიდენციალური და ანონიმურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ 16 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

თანასწორობის მოძრაობის თანამშრომლები და პრეპის პროგრამაში ჩართული შიდსის ცენტრის თანამშრომლები გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ, თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას!