ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო
ქვეყანაში B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს B ჰეპატიტზე სკრინინგი.
იმ პირებს, ვისაც აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი (ანუ მინიმუმ 6 თვიანი შუალედით ორჯერ აქვთ დადასტურებული ინფექცია სისხლში HBsAg და/ან B ჰეპატიტის დნმ არსებობით), უფასოდ ჩაუტარდებათ ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანი) და მუცლის ღრუს ექოსკოპია.
პროგრამის პირველ ეტაპზე იმ პაციენტებს, ვისთანაც გამოვლინდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი >=F2-ზე, ჩაუტარდებათ სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
პაციენტებს, ვინც საჭიროებს B ჰეპატიტის ანტივირუსულ მკურნალობას, სექტემბრიდან შეეძლებათ იმკურნალონ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
B ჰეპატიტი ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია რაც ზრდის ციროზისა და ღვიძლის კიბოს რისკს.
PrEP/არვ პროგრამაში ჩართულ პირებს, შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.