რა არის პეპი?
პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PEP)
პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PEP) აივ/შიდსის პრევენციის მეთოდია და გულისხმობს მკურნალობის 28 დღიანი კურსის გავლას იმ პირებისთვის, ვინც არ არის აივ დადებითი, თუმცა ჰქონია სარისკო ქცევა/კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან ან პირთან, ვისაც აქვს აივთან დაკავშირებული მაღალი რისკი უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში.
რა შემთხვევებში გესაჭიროება პეპი?
- თუ ხარ აივ-უარყოფითი ან არ იცი შენი აივ-სტატუსი და ბოლო 72 საათის განმავლობაში გქონდა აივ-ით ინფიცირების შესაძლო რისკი:
- სქესობრივი კავშირის დროს (მაგალითად, დაზიანდა კონდომი),
- ნემსის, შპრიცის და სხვა საინექციო მასალის გაზიარებისას,
- იყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
რამდენად ეფექტურია პეპი?
პეპ (PEP)-ის ეფექტურობას განსაზღვრავს მისი დაწყების დრო. რაც უფრო ადრე იწყება მიღება, მით მეტია ეფექტურობაც. უმჯობესია, პეპის დაწყება აივ-ით შესაძლო ინფიცირებიდან 24 საათის (ან არაუგვიანეს 72 საათის) განმავლობაში. ყოველი საათი მნიშვნელოვანია! პეპის ეფექტურობა მაღალია. დროულად დაწყებული მკურნალობის წარუმატებლობა კი ძალზედ იშვიათია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პეპის მიღებას დროულად ვიწყებთ, ის 100%-ით არ გამორიცხავს აივ-ით ინფიცირების რისკს.
რამდენ ხანს გრძელდება პეპის მიღება?
პეპის საჭიროების დადგენის შემდგომ, პეპ (PEP)-ის მედიკამენტები უნდა მიიღოთ ყოველდღე 28 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
პეპ მედიკამენტების გამოყენებისას მედიკამენტებს შესაძლოა ახასიათებდეს გარკვეული სახის გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა შესაძლებელია სერიოზული დისკომფორტი შეგიქმნათ. გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
ყველაზე ხშირად გამოხატული შესაძლო გვერდითი ეფექტებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ფაღარათი, უძილობა, კუნთების ტკივილი.
გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მეტად გამოხატულია პეპ-ის მიღების პირველ კვირაში და დროთა განმავლობაში მცირდება. გვერდითი ეფექტები აუცილებლად შეწყდება პეპ (PEP)-ის კურსის დასრულების შემდეგ.
გვერდითი ეფექტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
არსებობს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებიც. პეპ (PEP)-ის დაწყების დროს მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს თუ რა სახის მედიკამენტებს იღებთ პეპ (PEP)-ის გარდა.
რა მედიკამენტები ინიშნება პეპის დროს?
იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა გადაწყვიტა პეპის დანიშვნა, ექიმი ნიშნავს შემდეგ სამკურნალო რეჟიმებს მოზრდილებსა და მოზარდებში:
ტენოფოვირი(tdf) + ლამივუდინი (3tc) ან ტენოფოვირი (TDF), ემტრიციტაბინი (FTC), იგივე ტრუვადა
მესამე მედიკამენტის სახით იყენებენ ლოფიტავირ/რიტონავირი (LFV/R) ან ატაზანავირ/რიტონავირი(ATV/R). ალტერნატივად, შესაძლოა, რალტეგრავირი(RAL) დარუნავირ/რიტონავირი (DRV/R) ან ეფავირეზი (EFV).
შემიძლია მივიღო პეპ (PEP) ყოველ ჯერზე, როდესაც მაქვს აივ-ით ინფიცირების შესაძლო რისკი?
არა!
პეპ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ საგანგებო/გადაუდებელ სიტუაციებში. ის არ არის გათვლილი რეგულარული გამოყენებისთვის იმ პირებში, რომლებიც შესაძლოა ხშირად იყვნენ აივ-ით ინფიცირების რისკის ქვეშ. თუ თქვენ ხართ აივ-ით ინფიცირების მუდმივი რისკის ქვეშ, აუცილებლად განიხილეთ თქვენს ექიმთან პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) შესაძლებლობა.
ეს მნიშვნელოვანია!
- პეპ (PEP)-ის მიღება დაიწყოთ სარისკო ქცევიდან არაუგვიანეს 72 საათში (რაც უფრო სწრაფად დაიწყებთ მიღებას მით მეტია ეფექტურობა)!
- მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, 28 დღის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს!
- დააყენეთ შემახსენებელი ტელეფონზე, რათა არ გამოგრჩეთ წამლის ყოველდღიურად მიღება.
- თუკი დაგავიწყდათ მედიკამენტის დროულად მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგი დღიდან დაუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს, არ გააორმაგოთ მედიკამენტის დოზა! პეპ (PEP)-ის მედიკამენტების მიღების მიუხედავად, აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, რათა თავიდან აიცილოთ აივ-თან დამატებითი კონტაქტი ან/და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- პეპ (PEP)-ის მედიკამენტების მიღების მიუხედავად არ გააზიაროთ შპრიცი, ნემსი ან სხვა საინექციო მასალა ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებისას;
- პეპ (PEP)-ის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვანია გამოცხადდეთ ექიმის მიერ დადგენილ ვადებში და ჩაიტაროთ ტესტირება აივ ინფექციაზე.
დაკავშირება
PEP უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე შესაძლო ინფიცირებიდან. თუკი თვლი, რომ პეპი გჭირდება, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდი ან გვეწვიე შემდეგ მისამართებზე:
თანასწორობის მოძრაობა:
ია კარგარეთელის ქუჩა #2
032 247 97 48
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 12:00 - 19:00
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი:
ლუბლიანას #70
(+995) 551-82-66-66
ორშაბათი- პარასკევი 10:00 - 16:30 I სართული #2 ოთახი 44; ოთახი 45
არასამუშაო დროს (24 საათის განმავლობაში) I, სართული #5
ყოველი საათი მნიშვნელოვანია!