Skip to content

პაპილომავირუსი

პაპილომავირუსი (აპვ/HPV - Human Papillomavirus) ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ კანზე ან ლორწოვანი გარსის ზედაპირზე მეჭეჭების ზრდას იწვევს. დღეისათვის  დაავადების 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი, რომელთაგანაც ზოგიერთი  სიმსივნური წარმონაქმნების მაპროვოცირებელია დაავადების გადაცემა ძირითადად ხდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას. 

პაპილომავირუსის გადაცემის გზები

პაპილომავირუსი უმეტესად გადაეცემა ინფიცირებული გენიტალიების (სასქესო ორგანოების) კანთან, ლორწოვან გარსებთან და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად. 

პაპილომავირუსის სიმპტომები

პაპილომა ერთი ან რამდენიმე მომრგვალებული, არასიმეტრიული, რბილი ღია ყავისფერი, თეთრი ან ვარდისფერი ღეროვანი წანაზარდია („მეჭეჭი“) წანაზარდებს თუ არ ჩავთვლით, კლინიკური გამოვლენები პაპილომავირუსულ ინფექციას არ აქვს, ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ინფიცირებულია. დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ შესაბამისი გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი

პაპილომავირუსის პრევენცია

დღესდღეისობით პაპილომავირუსის პრევენციის 3 მეთოდი არსებობს:

  1. ვაქცინაცია - ვაქცინის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ორგანიზმს სამომავლო ინფექციისგან წარმატებით იცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 9-დან 14 წლამდე ასაკის ყველა გოგონა პაპილომავირუსზე აუცილებლად უნდა აიცრას.
  2. სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოზე;
  3. კონდომისა და ლუბრიკანტის  გამოყენება, როგორც ვაგინალური და ანალური, ასევე ორალური სქესობრივი კავშირისას.

პაპილომავირუსის დიაგნოსტიკა

დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ შესაბამისი გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი. ასეთ დროს ხდება ე.წ. პაპ-ტესტის გაკეთება, რომელიც გულისხმობს უჯრედების შეგროვებას საშვილოსნოს ყელიდან და ნაცხის მორფოლოგიურ-მიკროსკოპიულ შესწავლას. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებენ ე.წ. დნმ ტესტებსაც.

პაპილომავირუსის მკურნალობა

HPV-ის შემთხვევების უმეტესობა თავისთავად იკურნება, ამიტომ თავად ინფექციის მკურნალობა არ არსებობს. საჭიროა რუტინული ტესტირება, HPV ინფექციის მონიტორინგისთვის.

გენიტალური მეჭეჭების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტებით, ელექტრული დენით მოწვით ან თხევადი აზოტით მოყინვით. მაგრამ ფიზიკური მეჭეჭებისგან თავის დაღწევის შემდეგაც კი მეჭეჭები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.