არაგანსაზღვრადი=არაგადამდებს
რას ნიშნავს არაგანსაზღვრადი = არაგადამდებს? (U=U)
თუკი თქვენ ან თქვენი პარტნიორი იმყოფებით ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე და გაქვთ არაგანსაზვრადი ვირუსული დატვირთვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ფონზე სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებში (სპერმა, პრეეაკულაციური სითხე) ვირუსის რაოდენობა ქვეითდება იმ დონემდე, რომ სპეციალურ ტესტებს, რომლებიც ითვლიან აივ რნმ-ის რაოდენობას 1მლ სისხლში, უჭირთ ვირუსის დეტექცია.
არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის დროს საკუთარი სქესობრივი პარტნიორისთვის ვირუსის გადაცემა შეუძლებელია. ეს კი იმიტომ, რომ როდესაც ვირუსული დატვირთვა ძალზედ მცირეა, ვირუსის ეს რაოდენობა უბრალოდ არ არის საკმარისი ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორესთვის გადასაცემად.
ვირუსული დატვირთვა იზომება ე.წ. „კოპიოებით“. მკურნალობის დაწყებამდე აივ-დადებით პირს 10,000 ,60,000 და მილიონზე აივ “კოპიო” აქვს 1 მლ სისხლში. მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვის თავზე კი ვირუსის რაოდენობა 20, 30, 50 და 200-მდე ეცემა. არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა არ გულისხმობს იმას, რომ პირი სრულად ან ნაწილობრივ მაინც განიკურნა აივ/შიდსისგან. მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან მალევე ვირუსული დატვირთვა კვლავ გაიზრდება.
მეცნიერული მტკიცებულება
პირველი კვლევა, რომელიც აივ გადაცემას იკვლევდა აივ-დადებითი ადამიანიდან აივ-უარყოფით ადამიანზე 2000 წელს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობას 415 ჰეტეროსექსუალი წყვილი იღებდა . კვლევის ფარგლებში არ დაფიქსირებულა აივ გადაცემის არცერთი შემთხვევა აივ-დადებითი პირიდან აივ-უარყოფითზე. აივ-დადებითი ადამიანების ვირუსული დატვირთვა 1500 კოპ/მლ-ს უდრიდა.
2000 წლის შემდგომ უამრავი კვლევა ჩატარდა აივ გადაცემის შესახებ პირებში, რომლებიც იმყოფებიან ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე და აქვთ არაგანსაზღრადი ვირუსული დატვირთვა. ორმა დიდმასშტაბიანმა კვლევამ : „PARTNER 1, 2 „ და „ Opposites Attract“, რომელიც იძიებდა გადაცემას დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვის მქონე პირებიდან აივ- ნეგატიურ პირებზე, აჩვენა, რომ 89,000 დაუცველი აქტიდან არცერთ შემთხვევაში ვირუსი არ გადაცემულა.
U=U პრაქტიკაში
ცნება „არაგანსაზღვრადი=არაგადამდებს“ ეფექტურია აივის გადადებისას როგორც სქესობრივი კავშირის, ასევე ე.წ. ვერტიკალური გადაცემის (დედიდან შვილზე) შემთხვევაშიც.
სავარაუდოა ისიც, რომ U=U ეფექტურია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების დროს გადაცემისას, თუმცა მეცნიერული კვლევები ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს.
U=U ერთგვარ შვებას მოგგვრის, რადგან სქესობრივი კავშირის დროს აღარ მოგიწევს ღელვა იმაზე, რომ პარტნიორს აივით დააინფიცირებ და იმაზე, რომ შენი აივ-დადებითი სტატუსის გამო სხვაგვარად აღგიქვამენ. U=U შედარებით ახალი ცნებაა და ის შესაძლოა ბევრმა შენმა მეგობარმა და პარტნიორმა არ იცოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაზიაროთ ინფორმაცია და ავუხსნათ მათ, თუ რას გულისხმობს ის.